Apple-მა Worldwide Developers Conference-ზე დააანონსა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც App Store-ის სააბონენტო სისტემას სრულად ცვლის. კომპანია პირველად აძლევს დეველოპერებს უფლებას, გაერთიანდნენ და მომხმარებლებს ერთობლივი სააბონენტო პაკეტები შესთავაზონ.

მეტს ნაკლებ ფასად

ტრადიციულად, App Bundles-ის ფუნქცია მხოლოდ ერთ კონკრეტულ დეველოპერს საშუალებას აძლევდა, საკუთარი აპლიკაციების ნაკრები გაეყიდა. ახალი ინიციატივით, ეს შეზღუდვა იხსნება. დეველოპერებს უკვე შეუძლიათ პარტნიორობა დაამყარონ სხვა შემქმნელებთან და შექმნან აპლიკაციების ისეთი პაკეტები, რომლებიც ჯამურად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე თითოეული აპლიკაციის ცალ-ცალკე გამოწერა.

ეს სტრატეგია უკვე აპრობირებულია სტრიმინგისა და მედია სერვისების ინდუსტრიაში. კომპანიები, როგორიცაა HBO ან Disney, ხშირად აერთიანებენ საკუთარ სერვისებს მომხმარებლის შენარჩუნებისა და სერვისის ღირებულების ზრდის მიზნით.

როგორ იმუშავებს ახალი სისტემა

Apple-ის ახალი მოდელი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ დეველოპერებისთვის, რომლებსაც აქვთ მსგავსი სამიზნე აუდიტორია, მაგრამ არ არიან პირდაპირი კონკურენტები. მაგალითად, შესაძლებელი იქნება კრეატიული აპლიკაციების ნაკრების შექმნა, რომელიც მოიცავს კამერის აპს, ფოტო და ვიდეო რედაქტორებს, ასევე სოციალურ ქსელებში კონტენტის გამავრცელებელ ინსტრუმენტებს.

იგივე პრინციპი ვრცელდება პროდუქტიულობის აპლიკაციებზეც. დეველოპერებს შეეძლებათ შეავსონ ერთმანეთის პროდუქტების ხარვეზები. მომხმარებელს კი შეეძლება ერთ პაკეტში შეიძინოს, მაგალითად, როგორც დავალებების მართვის აპლიკაცია, ისე კალენდარი.

Suites: ახალი ტიპის პაკეტები

გარდა სტანდარტული ბანდლებისა, Apple-მა დაანონსა „Suites“-ის კონცეფცია. ეს არის სააბონენტო პაკეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ერთობლივი შეთავაზების სახით და მათი ცალკე შეძენა შეუძლებელი იქნება. ეს ნაბიჯი დეველოპერებს საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილად მართონ საკუთარი შემოსავლები და აუდიტორია.

ეს სიახლე ეკოსისტემას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, რადგან მომხმარებელს უჩნდება სტიმული, გამოიყენოს სხვადასხვა დეველოპერის პროდუქტი ერთიან სისტემაში, რაც თავის მხრივ ამცირებს დანახარჯებს და ზრდის აპლიკაციების გამოყენებადობას.