ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Donut Lab-მა, რომელიც ბაზარზე მყარი ელექტროლიტის (solid-state) ბატარეების მასობრივი წარმოების დაპირებით გამოვიდა, რეპუტაცია სრულად დაკარგა. YouTube-არხ Ziroth-ის ავტორმა, რაიან ინის ჰიუზმა, ფართომასშტაბური გამოძიება ჩაატარა, რომელმაც კომპანიის საქმიანობაში მიზანმიმართული მოტყუების ფაქტები გამოავლინა.
გამოძიების თანახმად, Donut Lab-ის მიერ „ინოვაციურად“ მონათლული პროდუქტი სინამდვილეში ჩვეულებრივი ლითიუმ-იონური ბატარეაა. ეს დასკვნა მხოლოდ ჰიუზის ვარაუდი არ არის; მას მხარს უჭერს 20-ზე მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი, მათ შორის ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯულიან ზანოვი.
ექსპერტებმა გააანალიზეს ბატარეის ძაბვის მრუდები, უჯრედების გაფართოების მონაცემები და ელექტროქიმიური ხელწერა. შედეგებმა ცალსახად აჩვენა, რომ Donut Lab-ის პროდუქტი ზუსტად ისე იქცევა, როგორც სტანდარტული NMC (ნიკელ-მანგანუმ-კობალტის) ტიპის ელემენტი.
სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა Nordic Nano Group-ის ყოფილი კომერციული დირექტორი ლაური პელტოალაა, რომელიც გამოძიებას ინფორმაციით დაეხმარა. მისი თქმით, კომპანიებს შორის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური იყო და რეალურ წარმოებასთან კავშირი არ ჰქონდა.
„ავტორიტეტების გათეთრება“ და ფინანსური მაქინაციები
Donut Lab-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ლეჰტიმაკიმ ლეგიტიმურობის ილუზიის შესაქმნელად ე.წ. „ავტორიტეტების გათეთრების“ მეთოდი გამოიყენა. კომპანიამ ფინეთის ტექნიკური კვლევის ცენტრს (VTT) გარკვეული ტესტების ჩატარება დაუკვეთა, თუმცა ეს კვლევები არასდროს შეხებია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს: 400Wh/kg ენერგეტიკულ სიმკვრივესა და 100 000 სასიცოცხლო ციკლს.
გამოძიება ასევე საუბრობს ფინანსურ დარღვევებზე. ჰიუზმა აღმოაჩინა შვილობილი კომპანიების რთული ქსელი, რომელსაც ლეჰტიმაკი ტექნოლოგიური პროცესების დასამალად და ინვესტორების შესაცდომად იყენებდა. ამჟამად გაურკვეველია, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ამ ფაქტებს კომპანიისა და მისი ხელმძღვანელისთვის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.