General Motors-მა ენერგიის შესანახი სისტემების (ESS) ბაზარზე შესვლის შესახებ განაცხადა. კომპანია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ელექტროენერგიით მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მზარდ მოთხოვნას აწყდებიან.

ნატრიუმ-იონური ტექნოლოგია

GM-ის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი სტარტაპ Peak Energy-სთან პარტნიორობაა. კომპანიები ავითარებენ სრულიად ახალ ნატრიუმ-იონურ ბატარეებს, რომლებიც სპეციალურად ელექტროქსელებისთვისაა ადაპტირებული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომწარმოებელი ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას ჩინეთის გარეთ გეგმავს.

ნატრიუმ-იონური ბატარეები ლითიუმ-იონურის მსგავსად მუშაობს, თუმცა ისინი უფრო იაფი და გამძლეა. მათი მთავარი უპირატესობა გადახურების დაბალი რისკია, რაც სისტემას გაგრილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსური მექანიზმების გარეშე ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

სტრატეგიული პარტნიორობა და წარმოება

GM-ის განცხადებით, ნატრიუმ-იონური უჯრედების საცდელი წარმოება 2028 წლიდან კომპანიის ბატარეების განვითარების ცენტრში დაიწყება. მანამდე, გარდამავალ ეტაპზე, კომპანია ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) ბატარეებს მიაწვდის LG Energy Solution-ს, რომელიც მათ ენერგეტიკული სისტემებისთვის გამოიყენებს.

პარალელურად, GM აძლიერებს თანამშრომლობას Redwood Materials-თან, რომელსაც უკვე აწვდის მეორადი მოხმარების ბატარეებს. მიჩიგანის ქარხანაში დამონტაჟებული Redwood-ის სისტემა კომპანიას 3 მილიონი დოლარის ეკონომიას მოუტანს.

„ჩვენი მიზანია, ყველა ქარხანაში მსგავსი დანადგარები გვქონდეს. ეს არა მხოლოდ ენერგოეფექტურია, არამედ წარმოების უწყვეტობისთვის ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“, — აცხადებს GM-ის ვიცე-პრეზიდენტი კურტ კელტი.

მიუხედავად იმისა, რომ GM-მა კონკრეტული ფინანსური ინვესტიციები არ დაასახელა, ცნობილია, რომ კომპანიამ ახალი ბატარეების კომერციალიზაციისთვის 900 მილიონი დოლარი გამოყო.