Meta-მ დააანონსა, რომ მომხმარებლების აქტივობას გარე ვებსაიტებზე არა მხოლოდ რეკლამების მიზნობრივი ჩვენებისთვის, არამედ Facebook-სა და Instagram-ის ფიდების, ასევე ხელოვნური ინტელექტის პასუხების პერსონალიზაციისთვის გამოიყენებს.

კომპანიის განცხადებით, ეს ცვლილება არ გულისხმობს ახალი მონაცემების შეგროვებას. Meta უკვე ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის საიტებს სტუმრობთ ან რა ნივთებს ყიდულობთ ინტერნეტში, თუმცა აქამდე ამ მონაცემებს მხოლოდ სარეკლამო მიზნებისთვის იყენებდა.

როგორ შეიცვლება თქვენი ფიდი

ახალი ალგორითმის დანერგვით, Meta ცდილობს, თქვენს ინტერესებს უფრო მეტად მოერგოს. მაგალითად, თუ ცოტა ხნის წინ ონლაინ მაღაზიაში კარავი შეიძინეთ, Reels-ის ფიდში შესაძლოა კემპინგთან დაკავშირებული ვიდეოები გამოჩნდეს. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს მომხმარებლის გამოცდილებას გააუმჯობესებს.

Meta-ს წარმომადგენლის, ემილ ვაზკესის თქმით, აქამდე ალგორითმი მხოლოდ შიდა პლატფორმებზე ჩატარებულ ქმედებებს ეყრდნობოდა — როგორიცაა „ლაიქები“, ვიდეოების ნახვა ან გამომწერების აქტივობა. გასული წლიდან კომპანიამ დაიწყო AI ასისტენტთან საუბრების გამოყენებაც რეკლამების პერსონალიზაციისთვის.

კონტროლი თქვენს ხელშია

მონაცემთა მართვის გამარტივების მიზნით, Meta აერთიანებს კონფიდენციალურობის პარამეტრებს. თუ გსურთ, აუკრძალოთ კომპანიას გარე ვებსაიტებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება ფიდის, რეკლამების ან AI პასუხების პერსონალიზაციისთვის, შეგიძლიათ „Activity from other businesses“ (აქტივობა სხვა ბიზნესებიდან) ფუნქცია გამორთოთ.

აღსანიშნავია, რომ განახლება გლობალურად ვრცელდება, თუმცა გარკვეული რეგიონები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და სხვა, ამ ეტაპზე პროცესში ჩართულები არ არიან. საქართველო ამ შეზღუდვების სიაში არ ფიგურირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები ქართველი მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.