საფრანგეთში 11 წლის ლიანას მკვლელობამ მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ორშაბათს ქვეყნის მასშტაბით 60 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა სამართალდამცავი სისტემის დაუდევრობა გაეპროტესტებინათ. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრ ჟერალ დარმანენის გადადგომაა.

საზოგადოებრივი აღშფოთების მთავარი მიზეზი ეჭვმიტანილის, 41 წლის ჟერომ ბარელას წარსული საქმიანობაა. გასული წლის აგვისტოში, 10 წლის გოგონას დედამ პოლიციას მიმართა და ბარელა არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სამედიცინო ექსპერტიზამ ძალადობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გამომძიებლებს ეჭვმიტანილი არც ერთხელ დაუკითხავთ.

პოლიტიკური წრეები და საზოგადოება ერთსულოვანია: თუ სამართალდამცავები ბარელას დაუკავშირდებოდნენ, ლიანას გარდაცვალების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ლიანას ცხედარი გასულ ხუთშაბათს, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ფლორანსის მახლობლად მდებარე ფერმაში იპოვეს. გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის გაუჩინარდა.

ეჭვმიტანილი, რომელიც ლიანას მეგობრის მამაა, დაკავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბარელა ბრალს არ აღიარებს, მან დაადასტურა, რომ ლიანა თავისი ავტომობილით ადგილობრივ საცურაო აუზამდე მიიყვანა. გამომძიებელ მოსამართლესთან საუბრისას მან კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბარელა ბოლო წლებში სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებდა.

იუსტიციის მინისტრმა ჟერალ დარმანენმა აღიარა, რომ საქმეში „შოკისმომგვრელი და მიუღებელი ხარვეზები“ გამოიკვეთა, თუმცა გადადგომაზე უარს აცხადებს. მან პროკურორებს დაავალა, გადახედონ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის დაახლოებით 70 000 საქმეს, რომლებიც ამ დრომდე განუხილველია.

პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პირობა დადო, რომ პარლამენტში ბავშვთა დაცვის კანონს გაამკაცრებენ. ცვლილებების მიხედვით, სერიულ მოძალადეებს პატიმრობის მაქსიმალური ვადა 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე გაეზრდებათ.