კენიის ქალაქ ნანიუკში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილობრივი მოსახლეობა აშშ-ის მიერ დაგეგმილი ებოლას საკარანტინო ცენტრის მშენებლობას აპროტესტებს, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენეს.

ასიობით დემონსტრანტმა ქუჩებში ცეცხლი დაანთო და პოლიციის მისამართით ქვები ისროლა. ადგილობრივების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ლაიკიპიას საჰაერო ბაზაზე დაგეგმილი 50-საწოლიანი იზოლატორი აშშ-ის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ებოლას ვირუსთან კონტაქტში აღმოჩნდნენ.

კენიელები ადანაშაულებენ შეერთებულ შტატებს იმაში, რომ კონგოსა და უგანდაში არსებული ეპიდემიოლოგიური საფრთხეები საკუთარი რისკების მართვის ნაცვლად, კენიაზე გადააქვთ. აღსანიშნავია, რომ კენიის ტერიტორიაზე ებოლას შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა და მოსახლეობა ვირუსის შემოტანის კატეგორიული წინააღმდეგია.

მიუხედავად იმისა, რომ კენიის უზენაესმა სასამართლომ მშენებლობის დროებითი შეჩერების განკარგულება გასცა, სამუშაოები მაინც გრძელდება. პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც, თუმცა პრეზიდენტ უილიამ რუტოს მთავრობა მშენებლობის დასრულებას გეგმავს.

ოფიციალური ნაირობი აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ვაშინგტონის მიმართ ფინანსური და ტექნიკური ვალდებულებების შესრულებაა. აშშ-მა კენიის ებოლასთან მზადყოფნის პროგრამისთვის უკვე 13.5 მილიონი დოლარი გამოყო, რაც მთავრობისთვის თანამშრომლობის გაგრძელების მთავარი არგუმენტია.