გასულ ზაფხულს, 300-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც ერაყის ქურთისტანიდან დიდ ბრიტანეთში ჩასვლას ცდილობდნენ, ლიბიაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაიტაცა. ტყვეებს აწამებდნენ და მათ ოჯახებს გამოსასყიდის სახით 5 000 დოლარის გადახდას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ორგანოების ამოკვეთით იმუქრებოდნენ.

BBC-ის ცნობით, უკვე გათავისუფლებული მძევლები აცხადებენ, რომ მათ არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. ერთ-ერთ საკანში 180-მდე ადამიანი იყო ჩაკეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ერთი მძევალი ტყვეობაში გარდაიცვალა.

გამტაცებლები თავდაპირველად მიგრანტების გამცილებლები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, კონტრაბანდისტ ნოა აარონთან ფინანსური დავის გამო, მათ მგზავრები მძევლად აიყვანეს. თავად აარონი ამჟამად საფრანგეთში 10-წლიან პატიმრობას იხდის ფულის გათეთრებისა და კონტრაბანდისთვის.

გამტაცებლები ოჯახებს მძევლების ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდნენ, სადაც ძალადობის კადრები ჩანდა. ერთ-ერთ ვიდეოში ახალგაზრდას ეუბნებიან, რომ მას ექიმთან მიიყვანენ თირკმლის ამოსაკვეთად. BBC-ის მიერ მოპოვებული ფოტოები სპეციალისტებმაც შეისწავლეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნაიარევები შესაძლოა ქირურგიულ ჩარევას შეესაბამებოდეს.

ლიბიაში, სადაც სახელმწიფო კონტროლი მინიმალურია, კონტრაბანდული ქსელები ადგილობრივ მილიციებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გაეროს მრჩევლის, ენტონი დანკერლის თქმით, ამგვარი დანაშაულებების გამოძიება განსაკუთრებით რთულია.

გათავისუფლებულთა ნაწილი იხსენებს, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 16 წლის მოზარდი ჰყვება, რომ ექვსი თვის განმავლობაში მზის შუქი არ უნახავთ და საკანში იმდენად ცოტა ადგილი იყო, რომ ჯდომით ეძინათ.

მიუხედავად ამგვარი საზარელი შემთხვევებისა, ერაყის ქურთისტანიდან ევროპისკენ მიგრანტთა ნაკადი არ წყდება. რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ჰემნ მერანი აცხადებს, რომ მიუხედავად გაფრთხილებებისა, ოჯახები კვლავ აგრძელებენ საკუთარი შვილების სახიფათო გზაზე გაშვებას.