2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ სკანდალური ვითარება შეიქმნა. ფიფას მიერ შერჩეული მსაჯი, ომარ არტანი, ტურნირზე მუშაობას ვეღარ შეძლებს. მიზეზი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტია, სადაც არბიტრს შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარი განუცხადეს.

არტანი, რომელიც 2025 წელს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელა, ისტორიაში პირველი სომალელი უნდა გამხდარიყო, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს იმსაჯებდა. ამჟამად არბიტრი თურქეთში იმყოფება.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა, ცნობილია, რომ სომალი იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები ვრცელდება.

ფიფას განცხადებით, ორგანიზაცია მასპინძელი ქვეყნის საიმიგრაციო პროცესებში, მათ შორის ვიზების გაცემის საკითხებში, არ ერევა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ არტანის სტატუსი ამ ეტაპზე არ შეიცვლება და იგი ტურნირზე ვეღარ იმუშავებს.

სომალის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა BBC-ს დაუდასტურა, რომ არტანს ყველა საჭირო და მოქმედი დოკუმენტი თან ჰქონდა. ნაირობიში მდებარე სომალის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, მსაჯმა სპეციალურად დიპლომატიური პასპორტი აიღო, რათა ვიზასთან დაკავშირებული ადრინდელი პრობლემები აერიდებინა თავიდან.

თეთრი სახლის მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ, კომენტარისას აღნიშნა, რომ საბაჟო და სასაზღვრო პატრულის გადაწყვეტილება „სწორი იყო“. მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

სომალის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასთან დაკავშირებას ცდილობს, რათა მომხდარის შესახებ დამატებითი განმარტებები მიიღოს. არტანი იმ 52 მსაჯს შორის იყო, რომლებიც კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში დაგეგმილი მუნდიალისთვის შეირჩნენ. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს.