პალესტინელი პატიმრების მიმართ ისრაელის ციხეებში განხორციელებული სექსუალური ძალადობა და წამება სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგანი. ყოფილი პატიმრები, მათ შორის მუჰამედ ალ-ბაქრი, დეტალურად აღწერენ წამების იმ მეთოდებს, რომლებსაც ისრაელის სამხედროები იყენებენ.
ალ-ბაქრის თქმით, 2024 წლის აპრილში, ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულის დროს, მას და სხვა პატიმრებს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი სექსუალურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცები ძალადობის პროცესს იღებდნენ და თან იცინოდნენ. მსგავსი ჩვენებები არაერთმა ყოფილმა პატიმარმა მისცა უფლებადამცველებს, რაც ადასტურებს ძალადობის სისტემურ ხასიათს.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ფრანჩესკა ალბანეზეს განცხადებით, ამგვარი ქმედებების მიზანი მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მიყენება არ არის. წამება მიმართულია მსხვერპლის ფსიქიკის განადგურებისა და მისი ღირსების შელახვისკენ. სექსუალური ძალადობა, მათ შორის საგნების გამოყენება, ისრაელის საპატიმროებში ერთგვარ ნორმად იქცა.
გაეროს 2025 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მხრიდან სექსუალური და გენდერული ძალადობის გამოყენება სისტემური გახდა. ამის გამო ისრაელი გაეროს „სექსუალური ძალადობის კონფლიქტურ ზონების შავ სიაშიც“ კი მოხვდა.
სხვა ყოფილი პატიმარი, რომელსაც ალ-ჯაზირა სახელით „ჯობი“ მოიხსენიებს, ყვება, თუ როგორ აუპატიურებდნენ მას ქალი ჯარისკაცები სპეციალური საგნების გამოყენებით, ხოლო სხვა სამხედროები ამ პროცესს აპლოდისმენტებით აცილებდნენ.
მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, ისრაელის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს. მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკოსი ღიად უჭერს მხარს პატიმრების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას. მაგალითად, ქნესეთის წევრმა ჰანოხ მილვიდსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ პატიმრების გაუპატიურება „ლეგიტიმურია“, თუ საუბარია ჰამასის მებრძოლებზე.
სოციოლოგი იეჰუდა შენჰავ-შარჰაბანი მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულება ისრაელის პოლიტიკურ კულტურაში ღრმად არის გამჯდარი. პალესტინელების დეჰუმანიზაცია და მათი „ადამიანებად“ არ აღქმა სამხედროებს აძლევს განცდას, რომ მათ ქმედებებს დაუსჯელობის გარანტია აქვს.
საერთაშორისო სასამართლოების მცდელობები, გამოიძიონ ეს ფაქტები, ხშირად ისრაელის ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება. ამ დრომდე არცერთი ჯარისკაცი არ დასჯილა პალესტინელების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისთვის, რაც უფლებადამცველების თქმით, დაუსჯელობის სისტემურ სინდრომს აძლიერებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.