ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფხენიანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში 2019 წლის შემდეგ. კიმ ჩენ ინმა ჩინელი ლიდერი წითელი ხალიჩით დახვედრა, რასაც აკრობატული შოუები და მასშტაბური ღონისძიებები მოჰყვა.

ვიზიტის ფარგლებში კონკრეტული სამთავრობო გარიგებები არ გახმაურებულა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა, რომ სი ძინპინის არჩევანი — ეწვია ფხენიანი წლის პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში — ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ვიზიტი პეკინის მცდელობაა, შეინარჩუნოს გავლენა თავის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, თუმცა არაპროგნოზირებად პარტნიორზე, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთს დაუახლოვდა. სი ძინპინისთვის ეს ვიზიტი კიმ ჩენ ინისთვის შეხსენებაა, თუ ვინ არის მისი მთავარი მხარდამჭერი და დონორი.

თავის მხრივ, კიმისთვის მსგავსი ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. დონალდ ტრამპთან და ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სი ძინპინის ვიზიტი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სანქციების ფონზეც ჰყავს გავლენიანი მეგობრები.

პოლიტიკური კონტექსტი და დენუკლეარიზაცია

საღამოს ბანკეტზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა „მთებითა და მდინარეებით არიან დაკავშირებულნი და საერთო ბედი აქვთ“. კიმ ჩენ ინმა ჩინეთთან მეგობრობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დაასახელა და მხარი დაუჭირა პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხი საჯარო განცხადებებში არ ფიგურირებდა. ბოლო წლებში ჩინეთმა საგრძნობლად შეამცირა ამ თემაზე საჯარო მოწოდებები, რაც პეკინის პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითებს.

სი ძინპინს ვიზიტისას თან ახლდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი დონგ ჯუნი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. ლიდერებმა პატივი მიაგეს კორეის ომში დაღუპულ ჩინელ ჯარისკაცებს და ფხენიანის კადრების სკოლაში მეგობრობის სიმბოლოდ ნაძვი დარგეს.

ეკონომიკური მოდელის სხვაობა

მიუხედავად საჯარო პომპეზურობისა, ორ ქვეყანას შორის განსხვავებები კვლავ არსებობს. სი ძინპინმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი „ორივე ქვეყნის სოციალისტური კურსისთვის ნათელ მომავალს“ მოიტანს. პეკინი დიდი ხანია მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, გაიზიაროს ჩინეთის ეკონომიკური რეფორმების მოდელი, თუმცა ფხენიანი ამ ნაბიჯის გადადგმას კვლავ ერიდება.