ბრიტანელმა სუპერვარსკვლავმა ედ შირანმა გულშემატკივრები გააოცა, როდესაც იფსვიჩის სანაპიროზე მოულოდნელი დილის კონცერტი გამართა. მომღერალმა თავისი გეგმების შესახებ მხოლოდ წინა ღამით, ბუნდოვანი მინიშნებით გაავრცელა ინფორმაცია, რამაც ასობით ადამიანი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 09:00 საათისთვის შეკრიბა.
მუსიკოსი ადგილზე 09:30 საათამდე მივიდა და დამსწრე საზოგადოებას თავისი ცნობილი კომპოზიციები, მათ შორის Thinking Out Loud და The A Team შეუსრულა.
გამოსვლისას შირანმა ხუმრობით ბოდიში მოუხადა იმ მშობლებს, რომელთა შვილებმაც კონცერტის გამო სკოლა გააცდინეს. „მადლობა იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს სკოლაში არ წავიდნენ. ბოდიში მშობლებს, თუმცა მადლობა, რომ მოიყვანეთ – ეს ნამდვილად სახალისოა“, - აღნიშნა მომღერალმა.
მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ცხრათვიანი ყოფნის შემდეგ საფოლკში დაბრუნება მისთვის დიდი სიხარულია. კონცერტამდე ატმოსფერო მუსიკის მასწავლებელმა ლიან კეიმ გაათბო, რომელსაც შირანთან ერთად დუეტის შესრულების შესაძლებლობაც მიეცა.
ლიან კეიმ, რომელიც ესპანეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის დაბრუნდა, აღნიშნა, რომ შირანის ბუნებრიობამ და უშუალობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დაუჯერებელია“, - აცხადებს კეი.
ღონისძიება გამაძლიერებლების მწარმოებელი კომპანიის სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო. შირანმა განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა ცხრა წლის ფელიქსს, რომელიც კონცერტზე საკუთარი გიტარით მივიდა. ვარსკვლავმა პატარა გულშემატკივარს ახალი გამაძლიერებელი აჩუქა.
„არ მეგონა, თუ ჩემთან მოვიდოდა, მეგონა გვერდს ჩამივლიდა. მან უბრალოდ მხარზე ხელი დამადო და მითხრა - აი, ეს შენ“, - იხსენებს ფელიქსი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.