საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ განაცხადა, ქვეყანაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემები სრულად განახლდა.
რას ცვლის ახალი სისტემა?
განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს მომსახურების გაუმჯობესებას როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. პროცესი მიმართულია ტრანზაქციების დაჩქარებისა და უსაფრთხოების სტანდარტების საერთაშორისო დონემდე ამაღლებისკენ.
ეკატერინე გალდავას თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო ინოვაციური სერვისების განვითარებისთვის. მათ შორის უპირველესი მყისიერი გადახდების სისტემა (IPS) იქნება, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
საერთაშორისო პარტნიორობა და ტექნიკური სირთულეები
პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რამაც შესაძლებელი გახადა საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობა. სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ამერიკულ კომპანია „მონტრანთან“ ერთად, ადგილობრივი ქართული კომპანიებიც მუშაობდნენ.
„თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები დღეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია ამ პროცესებს არ ჩამოვრჩეთ. RTGS-ის სისტემის განახლება იყო პირველი ეტაპი და ძალიან ახლო მომავალში ახალ პროექტებზე გადავალთ“, — აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პროექტი ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო და მისი წარმატებით დასრულება ეროვნული ბანკის, კომერციული სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული მუშაობის შედეგია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.