„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ფარულავა მმართველ პარტიას სიძულვილის ენის ორგანიზებულად დანერგვაში ადანაშაულებს. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ძალადობის მთავარი შემოქმედია.

ფარულავას თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ლექსიკა ისეთი ტერმინებითაა გაჯერებული, როგორიცაა „აგენტები“, „მტრები“ და „გარეწრები“. მისივე განმარტებით, ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული სტრატეგია.

პოლიტიკური იარაღი თუ პრობლემა?

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდისთვის სიძულვილის ენა არ არის პრობლემა, რომლის დაძლევასაც ცდილობენ. პირიქით, ეს არის მათი მთავარი პოლიტიკური იარაღი საზოგადოების სამართავად.

„თქვენ შეგნებულად აპირისპირებთ საზოგადოებას, რადგან ფიქრობთ, რომ თქვენი ერთადერთი შანსი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაყოფილი და ერთმანეთს გადამტერებული ხალხია“, – განაცხადა ფარულავამ.

ფარულავამ გაიხსენა სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების არაერთი ფაქტი, სადაც, მისივე თქმით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარტია სახელმწიფოსთან გაიგივდა, რის გამოც კრიტიკული აზრი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ცხადდება.

ცენზურა პოლიციის მეშვეობით

განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა პოლიციაში „სიტყვის მონიტორინგის“ დაწესებამ. ფარულავას შეფასებით, ეს არ არის ბრძოლა სიძულვილის ენასთან, არამედ პირდაპირი საპოლიციო ცენზურაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2018 წელს ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც თავის დროზე გიორგი გახარიას ინიციატივით დაფუძნდა, ახლა რეპრესიულ მანქანად არის გადაქცეული.

საზოგადოების ერთიანობა

გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, საზოგადოება ბევრად უფრო გონიერია. მან მაგალითად დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეგროვებული თანხები მოიყვანა.

„თქვენი უსუსური მცდელობა, საბოლოოდ გახლიჩოთ და დაიმორჩილოთ ეს ქვეყანა, მარცხისთვისაა განწირული. საზოგადოების პასუხი ამ სიძულვილზე არის ერთიანობა – ძალა, რისიც თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ“, – დაასკვნა დეპუტატმა.