გორში, „კომბინატის“ ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ნინო ელიკაშვილი, რომლის შვილიც, საბა აბისულაშვილი, თავად შეესწრო პოლიციელების მიერ პაპუნა ლოცულაშვილის ცემას, მომხდარს „უღმერთო წამებას“ უწოდებს.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სამსახურში ბრუნდებოდა და პოლიციის ეკიპაჟს ავტომობილის არასწორად გაჩერებაზე შენიშვნა მისცა. ნინო ელიკაშვილის თქმით, სწორედ ამან გამოიწვია სამართალდამცველების აგრესია.

რა მოხდა „კომბინატის“ ტერიტორიაზე

თვითმხილველის ინფორმაციით, პოლიციელებმა ლოცულაშვილს გზა გადაუჭრეს და ფიზიკური ანგარიშსწორება დაუყოვნებლივ დაიწყეს. საქმეში მონაწილეობდა მრავალი ეკიპაჟი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე თანმიმდევრულად მივიდნენ.

„თუ დააშავა ადამიანმა, თუ კანონის დამცველი ხარ, მიდი და გაარკვიე ადამიანი კანონში. ეს უღმერთო ცემა-ტყეპა არ ვიცი. ესეთი წამება ადამიანის რანაირად?“ – აცხადებს ნინო ელიკაშვილი.

მისივე თქმით, ძალადობა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ამ პერიოდში ისმოდა პოლიციელების მხრიდან მუქარა და შეურაცხმყოფელი ფრაზები, მათ შორის სასჯელის ვადებთან დაკავშირებით.

დაშავებულის მდგომარეობა და მოთხოვნები

ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, პაპუნა ლოცულაშვილს აღენიშნება ტვინის შერყევა, ჩაქცევები და ნეკნის მოტეხილობა. გარდა ფიზიკური ტრავმებისა, ოჯახის წევრები მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც საუბრობენ.

„მას კლავს სირცხვილის გრძნობა, იფარებს სახეზე ხელს, თითქოს თვითონ იყოს დამნაშავე,“ – ამბობს ელიკაშვილი. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დაკავებულ ექვს პირს არ ეკისრება და სამართალდამცველთა წრე, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, უფრო ფართოა.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით 6 პოლიციელი დააკავა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები 27 მაისს გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.