2026 წლის ევროვიზიის კონკურსზე ხორვატია ეთნო-პოპ ჯგუფმა Lelek-მა წარადგინა. ხუთი წევრისგან შემდგარმა კოლექტივმა ფინალში ასპარეზობით და 15-ე ადგილის დაკავებით საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, თუმცა ქართველი მსმენელისთვის მათი შემოქმედება კიდევ ერთი საინტერესო დეტალით გახდა გამორჩეული.
ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ჯგუფის მუსიკალური კარიერა სწორედ ქართული ფოლკლორით დაიწყო. მათი სადებიუტო სინგლი აჭარული „განდაგანას“ ქავერ-ვერსიაა, რომელსაც ჯგუფმა „Tanani Nani“ დაარქვა. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ჯგუფის ინტერესს ეთნიკური მუსიკისა და თანამედროვე პოპის სინთეზის მიმართ.
ევროვიზია და ისტორიული კონტექსტი
წელს ჯგუფმა ევროვიზიის სცენაზე სიმღერა „Andromeda“ შეასრულა. კომპოზიცია ხორვატიის ისტორიის მძიმე პერიოდს, ოტომანთა იმპერიის მმართველობის დროს ქრისტიანების დევნას ეხება. დრამატული დადგმისას შემსრულებლები ტრადიციული „სიცანიეს“ ტატუებით წარდგნენ.
„სიცანიე“ ქრისტიანობამდელი ეპოქის ტრადიციაა, რომელიც მე-15 საუკუნეში, დამპყრობლებისგან თავის დასაცავად, კათოლიკე ხორვატებში მასობრივად გავრცელდა. მშობლები ბავშვებს სხეულზე ქრისტიანულ სიმბოლოებს გამოსახავდნენ, რათა მათი იდენტობა შეენარჩუნებინათ.
ქართული კავშირი კონკურსზე
საქართველომ ხორვატიის წარმომადგენლებს საევროვიზიო კონკურსზე მხარდაჭერა გამოუცხადა. პირველ ნახევარფინალურ ტურში საქართველოს ჟიურიმ Lelek-ს 3 ქულა (მე-8 ადგილი) მიანიჭა, ხოლო ქართველმა ტელემაყურებლებმა ჯგუფს 1 ქულა დაუწერეს.
შეგახსენებთ, რომ რიგით 70-ე ევროვიზია ბულგარეთის გამარჯვებით დასრულდა. მომღერალმა დარამ სიმღერით „Bangaranga“ თავის ქვეყანას ისტორიაში პირველი გამარჯვება მოუტანა, რის გამოც მომავალი წლის კონკურსს ბულგარეთი უმასპინძლებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.