საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა სენაკში აგრარული საწარმო მოინახულა. საწარმო ნატურალური ქართული რძის პროდუქტების წარმოებაზეა ორიენტირებული. კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მსგავსი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს, რაც რეგიონში დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია.

განათლება და სოციალური პოლიტიკა

სენაკშივე პრემიერ-მინისტრმა ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა. განათლების ინფრასტრუქტურის განახლება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, რაც სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ყველაზე მასშტაბური პროექტი კი ზუგდიდში განხორციელდა. დაახლოებით 1.5 წლის წინ დაწყებული მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 1 700 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი კორპუსები უკვე აშენებულია.

„დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად მიმდინარეობს ბინების მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პროექტი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას გულისხმობს.