ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოში „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის პროექტსა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის კავშირებზე წერს. ჟურნალისტური გამოძიება ხაზს უსვამს, რომ ეს პარტნიორობა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შესახებ კითხვებს აჩენს.

სანქციები და ბიზნესგარემო

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებამ ქვეყანა ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინა. მოქმედი სანქციების რეჟიმი აშშ-ის მოქალაქეებს უკრძალავს ბიზნესის კეთებას ან მომსახურების გაწევას უშუალოდ ივანიშვილისთვის, თუმცა არსებობს გამონაკლისები ბიზნესსტრუქტურების მიმართ.

სად აშენდება ცათამბჯენი?

პროექტის დეტალები იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს გაფორმდა 85-მილიონიანი შესყიდვის ხელშეკრულება, ოფიციალური მონაცემებით, თამარაშვილის #13-ში მდებარე 66 940 კვადრატული მეტრი მიწა დღემდე „ქართუ ფონდის“ საკუთრებაა. მყიდველად კი „ცენტრალ პარკ ავენიუ“ მოიაზრება.

ამ კომპანიას კავშირი აქვს „ტრამპ ტაუერის“ პარტნიორებთან, მათ შორის „ვისოლ ჯგუფსა“ და „ბიოგრაფი ლივინგთან“. პროექტის თანახმად, იპოდრომის ტერიტორიაზე შვიდი შენობა უნდა აშენდეს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი იქნება.

ვინ არიან პარტნიორები?

The Trump Organization-ის ქართულ პროექტში რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა ჩართული. მათ შორის არიან:

  • „არქი ჯგუფი“
  • „ბიოგრაფი ლივინგი“
  • „ბლოქსი ჯგუფი“
  • „ფინვესტ ჯორჯია“
  • ამერიკული „The Sapir Organization“

პროექტის ირგვლივ გაერთიანებული დეველოპერული კომპანიების ინტერესები საბოლოოდ სწორედ ყოფილი იპოდრომის რეკრეაციულ ზონამდე მიდის. მშენებლობის გეგმა უკვე დამტკიცებულია, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ცვლილებებს გულისხმობს.