„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის დატოვების ტენდენციებსა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საუბრისას მან ფილმი „ფესვები“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფილმის ფინალი მისთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან ის სამშობლოსადმი მიჯაჭვულობასა და ღირებულებებს ასახავს. ივანიშვილის თქმით, ქართველებს სამშობლოსთან განსაკუთრებული, თითქმის მისტიკური კავშირი აქვთ.
„სიმბოლურია, რომ სიტყვა „სამშობლო“ სხვა ენებზე სრულფასოვნად არ ითარგმნება. მასში ჩადებულია მშობელთან პირდაპირი კავშირი, რაც ქართული კულტურისთვის უნიკალური და ღრმაა“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვას ქვეყნიდან წასვლის სურვილთან დაკავშირებით, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს გამოწვევა მისთვისაც ნაცნობია, მათ შორის მეგობრების წრეშიც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას დრო და სტაბილური გარემო სჭირდება.
„აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა, რომელიც, მადლობა ღმერთს, დღეს გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო იყოს წელში გამართული ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდებათ“, - აღნიშნა მან.
შეხვედრისას ცოტნე ივანიშვილმა ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტები და იდეები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ახალგაზრდული ორგანიზაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს თითოეულ ინიციატივას, იქნება ეს აკადემიური თუ კულტურული მიმართულებით.
„პირადადაც მზად ვარ, გვერდში დაგიდგეთ თქვენს იდეებთან დაკავშირებით. ვეცდებით, რომ ყველა კარი გავხსნათ და თქვენი მოსაზრებები რეალობად ვაქციოთ“, - დაამატა ივანიშვილმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.