სან-ფრანცისკოში მცხოვრებმა შონ დონოვანმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი, რომელიც Airbnb-ზე გააქირავა, სინამდვილეში რობოტების საცდელ პოლიგონად იქცა. დონოვანის თქმით, სტუმრებმა, რომლებიც თავს კოლეგებად წარადგენდნენ, სახლში დიდი შავი ყუთები და რობოტული მოწყობილობები შეიტანეს.
11-დღიანი ვიზიტის შემდეგ, სახლი სავალალო მდგომარეობაში იყო. დონოვანის განცხადებით, დაზიანებული იყო სამზარეულოს ტექნიკა, დაფხაჭნილი იყო ავეჯი და კედლები, ხოლო პირადი ნივთები, მათ შორის ფეხსაცმელი, გაქრა. მომხდარს იგი სასამართლოში ასაჩივრებს.
ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?
სარჩელის თანახმად, სახლი დაიქირავა კომპანიამ The Bot Company. ეს სტარტაპი, რომელსაც Tesla-სა და Cruise-ის ყოფილი თანამშრომლები მართავენ, 2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული. კომპანია ავტონომიურ რობოტებს ქმნის, რომლებსაც საოჯახო საქმეების შესრულება შეუძლიათ.
დონოვანის თქმით, კომპანიამ სახლი „მოტყუებით“ დაიქირავა. „მათ რომ სიმართლე ეთქვათ, შესაძლოა, შევთანხმებულიყავით კიდეც. თუმცა, ტყუილმა და მანიპულაციამ თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინა“, - განაცხადა მან.
სხვა მასპინძლების პრეტენზიები
როგორც აღმოჩნდა, დონოვანი ერთადერთი დაზარალებული არ არის. მინიმუმ 12 სხვა Airbnb-ის მასპინძელი ადასტურებს, რომ იმავე ჯგუფის სტუმრობის შემდეგ, მათ სახლებში მსგავსი დაზიანებები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მასპინძლის თქმით, როდესაც მან ზარალის შესახებ პრეტენზია Airbnb-ის წარუდგინა, კომპანიამ „ფოტო-მტკიცებულებების ნაკლებობის“ გამო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა, რომ The Bot Company-ის მიზანი სწორედ ისეთი რობოტების შექმნაა, რომლებიც მოკლევადიანი გაქირავების სერვისებს გაამარტივებს. ირონიულია, რომ ამ პროცესში ისინი თავად აზიანებენ იმ სახლებს, რომელთა მომსახურებაც სამომავლოდ უნდა გააუმჯობესონ.
ამ დროისთვის, The Bot Company-ს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო დონოვანი 12 383 დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.