„მედუზა“, „მედიაზონა“ და ათზე მეტი დამოუკიდებელი ჟურნალისტური ჯგუფი 23 ნოემბერს რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლების შესახებ ჩატარებული ანალიზის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ეფუძნება მონაცემებს, რომლებიც „როსსტატის“ ბაზის ჰაკერული თავდასხმის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი.
მონაცემების წარმოშობა
ინფორმაცია ჰაკერულმა დაჯგუფებებმა „ბელარუსის კიბერპარტიზანებმა“ (Cyberpartisans) და SilentCrow-მ მოიპოვეს. ჰაკერების მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად 390 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. დამოუკიდებელმა გამოცემებმა, მათ შორის „მედუზამ“, აღნიშნული მონაცემები ორი კვირის განმავლობაში შეისწავლეს, რათა მათი სანდოობა გადაემოწმებინათ.
კვლევის მეთოდოლოგია
ჟურნალისტებმა გააანალიზეს მონაცემები, რომლებიც „როსსტატმა“ რეესტრის (ЕГР ЗАГС) ბაზიდან მიიღო. მკვლევართა განცხადებით, მონაცემთა ბაზა მთლიანობაში სანდოა, თუმცა დაღუპულთა საბოლოო შეფასება სხვადასხვა გამოცემას შორის შესაძლოა განსხვავდებოდეს. განსხვავება განპირობებულია იმით, თუ როგორ ხდება დაღუპულთა გარკვეული კატეგორიების კლასიფიკაცია და ომის შედეგად დამდგარ სიკვდილიანობასთან მათი დაკავშირება.
„უხილავი“ დანაკარგები
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რეესტრის მონაცემები მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულ სიკვდილიანობას ასახავს. სამხედრო პირების შემთხვევაში, სიკვდილის ფაქტსა და მის რეგისტრაციას შორის ხშირად ექვსთვიანი ან უფრო ხანგრძლივი დაყოვნებაა, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გახშირდა. შედეგად, „როსსტატის“ შიდა მონაცემებშიც კი დაღუპულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ბოლო 1.5 წლის მონაკვეთში, არ აისახება.
ამ მიზეზით, ომის მსხვერპლის რეალური მასშტაბის დასადგენად, ჟურნალისტებმა გამოიყენეს როგორც რეესტრის გაჟონილი მონაცემები, ისე სტატისტიკური მოდელირება და სხვა დამოუკიდებლად მოპოვებული წყაროები. „მედუზას“ განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული ანალიზით, ოთხწლიანი ომის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი 350 ათას გარდაცვლილს შეადგენს, რაშიც პირველად მოხერხდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გათვალისწინებაც.





დისკუსია
0 კომენტარი