უნგრეთის ახალი მთავრობა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რეგულაციებს აუქმებს. გადაწყვეტილება, რომელიც ციფრული აქტივების ვაჭრობის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს, ქვეყნის სავაჭრო გარემოს ლიბერალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Tisza-ს მთავრობის სპიკერმა, ანიტა კობოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასულ წელს შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც კრიპტო-ტრანზაქციებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდა, გაუქმდება. კობოლის თქმით, ეს რეგულაციები არაპრაქტიკული და დამაზიანებელი აღმოჩნდა როგორც ბაზრის მონაწილეებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური იმიჯისთვის.

„ეს იყო არასაჭირო კანონმდებლობა, რომელმაც პრაქტიკული ოპერირება შეუძლებელი გახადა და ბაზრის მონაწილეები დააფრთხო. სისხლისსამართლებრივმა შედეგებმა ასობით ათას ადამიანზე იქონია უარყოფითი გავლენა,“ — აღნიშნა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივლისიდან უნგრეთში ამოქმედდა წესები, რომელთა მიხედვითაც კრიპტოაქტივების გაცვლა მხოლოდ ავტორიზებული პროვაიდერის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე იყო შესაძლებელი. ამ მოთხოვნის დარღვევა, ტრანზაქციის მოცულობიდან გამომდინარე, ორ წლამდე, ზოგ შემთხვევაში კი რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია ის, რომ ისეთმა დიდმა პლატფორმებმა, როგორიცაა Revolut, უნგრეთში თავიანთი კრიპტო-სერვისები შეაჩერეს. გარდა ამისა, აღნიშნულმა რეგულაციებმა ევროკავშირის ყურადღებაც მიიპყრო, რადგან გაჩნდა ეჭვი, რამდენად შეესაბამებოდა უნგრული შეზღუდვები ევროპულ სტანდარტებს.

პოლიტიკური ცვლილებები უნგრეთში აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პიტერ მაგიარის „Tisza“-ს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამ დაასრულა ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა. ახალი ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას და წლების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობის განმუხტვას.