ილინოისის შტატმა ოფიციალურად დაამტკიცა 0.2%-იანი „პრივილეგირებული გადასახადი“ კრიპტოვალუტის ყველა იმ ტრანზაქციაზე, რომელიც შტატის რეზიდენტებს უკავშირდება. გადაწყვეტილება 55.9 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი საბიუჯეტო კანონპროექტის ნაწილია, რომელსაც გუბერნატორმა ჯეი ბი პრიცკერმა ხელი სამშაბათს მოაწერა.
ახალი რეგულაცია ვრცელდება ციფრული აქტივების ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც რეგისტრირებულ პლატფორმებზე ხორციელდება და განისაზღვრება, როგორც „ციფრული აქტივების ბიზნეს საქმიანობა“. კანონი ძალაში 2027 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის Crypto Council for Innovation (CCI), გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი შექმნის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმს, რომელიც დისპროპორციულ ტვირთად დააწვება შტატის მცხოვრებლებს და რეგიონიდან ინოვაციურ კომპანიებს განდევნის.
გადასახადი ტექნოლოგიის წინააღმდეგ
CCI-ს წარმომადგენლები ადარებენ ამ გადასახადს იმას, თითქოს სახელმწიფომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები დაბეგროს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფოსტის ნაცვლად ციფრული არხით გადაიცემა. „ბლოკჩეინის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციის დაბეგვრა სრულიად უსაფუძვლოა“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამერიკული საგადასახადო ფირმა BDO USA-ს ცნობით, რეგულაცია შესაძლოა შეეხოთ შტატის გარეთ მოქმედ კომპანიებსაც, თუ მათ ილინოისში მომხმარებელთა აქტივობა საკმარისად მაღალი აქვთ. ილინოისი ისეთი ცნობილი კრიპტო კომპანიების ბაზაა, როგორიცაა Zero Hash, Jump Crypto, Bitnomial და Apex Crypto.
კრიტიკა ინდუსტრიის მხრიდან
a16z Crypto-ს პოლიტიკის ხელმძღვანელი მაილს ჯენინგსი მიიჩნევს, რომ ეს კანონი აშშ-ში არსებულ ყველაზე ანტიკრიპტოვალუტურ ინიციატივებს შორისაა. „ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს მსგავსი ფინანსური ტრანზაქციის გადასახადი აქციებზე, ობლიგაციებსა თუ დერივატივებზე. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა მიზანმიმართულად არის გამორჩეული და ეს ეწინააღმდეგება ფედერალურ კანონებს“, — განაცხადა ჯენინგსმა.
კრიტიკას შეუერთდა Digital Chamber-იც, რომელმაც აღნიშნა, რომ გადასახადი ხელს შეუშლის ფინანსური სერვისების ბლოკჩეინზე გადასვლას. ილინოისი გახდება ერთადერთი შტატი აშშ-ში, რომელიც ციფრული აქტივების მომხმარებლებს მათი შემოსავლის, მოგების ან ზარალის მიუხედავად დაბეგრავს.
შტატის მთავრობა გეგმავს, რომ ამ ახალი გადასახადის მეშვეობით 2027 ფისკალურ წელს 800 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღოს, რაც ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას მოემსახურება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.