სინგაპურის პოლიციამ კრიპტოვალუტის გამსესხებელი კომპანია Hodlnaut-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, Zhu Juntao-ს, ოფიციალურად წაუყენა ბრალი. სამართალდამცავების თქმით, საქმე ეხება თაღლითობას ყალბი განცხადებების გზით, რაც TerraUSD-ის ეკოსისტემის ჩამოშლის პერიოდს უკავშირდება.
გამოძიების ვერსიით, 2022 წელს Zhu Juntao-მ კომპანიის თანამშრომლებს დაავალა, მომხმარებლებისთვის შეეტყობინებინათ, თითქოს Hodlnaut-ს არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი TerraUSD-ის კრახთან და კომპანია ფინანსურ ზარალს არ განიცდიდა. მსგავსი შინაარსის განცხადებები ვრცელდებოდა როგორც Telegram-ის არხებით, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ბრალდების მიხედვით, ყოფილი CEO მსგავს მტკიცებებს საკუთარ X (ყოფილი Twitter) ანგარიშზეც ავრცელებდა. სინგაპურის კანონმდებლობით, თითოეული ბრალდება ითვალისწინებს 20 წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ორივეს ერთად.
რა მოხდა რეალურად?
Hodlnaut-ი ერთ-ერთი იყო იმ კრიპტოკომპანიებს შორის, რომლებიც 2022 წლის მაისში Terraform Labs-ის ალგორითმული სტეიბლკოინის კრახმა გააკოტრა. ამ მოვლენამ გლობალური კრიპტობაზრიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი წაშალა და გამოიწვია ისეთი გიგანტების კრახი, როგორებიცაა Three Arrows Capital, Celsius და Voyager.
სასამართლო პროცედურების დროს გაირკვა, რომ Hodlnaut-მა მომხმარებლების დაახლოებით 317 მილიონი დოლარი Terra-ს Anchor Protocol-ში მიმართა. ეს უკანასკნელი UST დეპოზიტებზე წლიურ 19.5%-იან მოგებას სთავაზობდა. მას შემდეგ, რაც UST-ის ღირებულება თითქმის ნულამდე დავიდა, სასამართლოს მიერ დანიშნულმა მმართველებმა დაადგინეს, რომ Hodlnaut-მა, სულ მცირე, 189.7 მილიონი დოლარი დაკარგა.
კომპანიის ფინანსური მდგომარეობა
2019 წელს დაარსებულმა Hodlnaut-მა, რომელიც მომხმარებლებს მაღალსარგებლიან ანაბრებს სთავაზობდა, 2022 წლის აგვისტოში თანხების გატანა შეწყვიტა. კომპანია 30 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურებოდა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კომპანიაში აღრიცხვა უკიდურესად მოუწესრიგებელი იყო. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ზოგიერთი ხელმძღვანელი პირები თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ. შედეგად, სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ კომპანიის ლიკვიდაცია ბრძანა.
Zhu Juntao-მ სასამართლოში ექვსივე ბრალდება უარყო. სასამართლო განხილვები 2026 წლის ივნისში გაგრძელდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.