ბრიტანული ტელევიზიის ვარსკვლავი ჯერემი კლარკსონი მძიმე დიაგნოზს ებრძვის. 66 წლის წამყვანმა საზოგადოებას ამცნო, რომ მას პროსტატის კიბო დაუდგინდა. ინფორმაცია მისსავე პოპულარულ გადაცემაში, Clarkson's Farm-ში გავრცელდა.
კლარკსონმა გადაცემის მსვლელობისას თავის გუნდს, კალებ კუპერსა და ჩარლი აირლენდს, განუცხადა, რომ დაავადება „აგრესიულია“, თუმცა დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაისვა. წამყვანის თქმით, მან უკვე გაიკეთა ბიოფსია და პროსტატის ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა.
„მე გაქრი რამდენიმე კვირის წინ, ბიოფსია ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ კიბო მაქვს. ის აგრესიულია, მაგრამ ძალიან ადრეულ სტადიაშია“, – განაცხადა კლარკსონმა. მან აღნიშნა, რომ დიაგნოზის შესახებ მაისში შეიტყო და იმედი აქვს, რომ მკურნალობა წარმატებული იქნება.
გადაცემის მეხუთე სეზონის დასასრულს, მაყურებელმა კლარკსონი საავადმყოფოს საწოლში იხილა. წამყვანმა აღიარა, რომ მკურნალობის პროცესში გარკვეული გართულებები წარმოიქმნა. „თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მეექვსე სეზონში შევხვდებით, თუ არა – მაშინ ვეღარ“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ჯერემი კლარკსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მისი შოუს ერთ-ერთი განხილვის თემაა. 2024 წლის ოქტომბერში მას გულის პროცედურა ჩაუტარდა, რა დროსაც არტერიაში სტენტი ჩაუდგეს.
დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ, კლარკსონს მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა და სატელევიზიო კოლეგებმა. დიდ ბრიტანეთში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროსტატის კიბო ბევრ მამაკაცს აწუხებს და ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წამყვანმა პირს მორგანმა კი თავის მხრივ მოუწოდა მამაკაცებს, ჩაიტარონ PSA ტესტი, რომელიც შესაძლოა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი გახდეს. თავად კლარკსონი კი გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად ეცდება გამოჯანმრთელებას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.