დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა სკრინინგის კომიტეტმა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა. ექსპერტების გადაწყვეტილებით, რეგულარული სკრინინგი რეკომენდებულია მხოლოდ იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.
ვინ შედის მაღალი რისკის ჯგუფში?
ახალი რეკომენდაციების თანახმად, სკრინინგს ექვემდებარებიან მამაკაცები, რომლებსაც აღენიშნებათ BRCA2 გენის ვარიანტი. ეს გენი პასუხისმგებელია დნმ-ის აღდგენაზე, თუმცა მისი მუტაცია ზრდის კიბოს განვითარების ალბათობას.
სკრინინგის პროგრამა ასევე მოიცავს მათ, ვის ოჯახურ ისტორიაში ფიქსირდება სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, პანკრეასის ან პროსტატის კიბო. ასეთ პირებს 45-დან 61 წლამდე, ორ წელიწადში ერთხელ, PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) ტესტის ჩატარება ურჩევენ.
რა არის პროსტატის კიბო?
პროსტატა კაკლის ზომის ჯირკვალია, რომელიც შარდის ბუშტის ქვემოთ მდებარეობს და შარდსადენს გარს აკრავს. დაავადება უჯრედების უკონტროლო ზრდით ვლინდება და ხშირად, საწყის ეტაპზე, წლების განმავლობაში შესაძლოა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს.
სტატისტიკის მიხედვით, პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. რისკი იზრდება ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 75 წლის ზემოთ, ასევე გენეტიკური განწყობის შემთხვევაში.
ყურადსაღები სიმპტომები:
- შარდვის გახშირება ან გაძნელება.
- შარდვისას დისკომფორტის შეგრძნება.
- შარდის ნაკადის ცვლილება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს სიმპტომები ყოველთვის კიბოზე არ მიუთითებს და შესაძლოა სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პროსტატის კიბოს დასადგენად ერთიანი, უნივერსალური ტესტი არ არსებობს. ექიმები იყენებენ PSA სისხლის ანალიზს, სკანირებას და ბიოფსიას. PSA-ის მაღალი მაჩვენებელი ავტომატურად არ ნიშნავს კიბოს, რადგან ის შესაძლოა ინფექციამაც გამოიწვიოს.
მკურნალობის მეთოდები დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ექიმები ირჩევენ დაკვირვების ტაქტიკას, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რადიოთერაპიას ან ჰორმონალურ თერაპიას.
ექსპერტების აზრით, სკრინინგის დადებით მხარესთან ერთად, არსებობს რისკიც: ტესტირებამ შესაძლოა გამოავლინოს ისეთი სიმსივნეები, რომლებიც არ საჭიროებს მკურნალობას, რაც პაციენტს არასაჭირო სტრესსა და გართულებებს უქმნის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.