ფარმაცევტულმა გიგანტმა Eli Lilly-მ, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიური შერწყმისა და შესყიდვების სტრატეგიით გამოირჩევა, მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. კომპანია ოფიციალურად უბრუნდება ვაქცინებისა და ინფექციური დაავადებების სეგმენტს, სადაც წლებია, არ ოპერირებდა.

სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, Eli Lilly სამ კერძო ვაქცინების მწარმოებელ კომპანიას შეიძენს. გარიგებების საერთო ღირებულება თითქმის 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება ბაზრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით აშშ-ში არსებული მარეგულირებელი გაურკვევლობისა და პოლიტიკური წნეხის ფონზე.

სტრატეგიული კადრები და ახალი ვექტორი

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი შემთხვევითი არ არის. რამდენიმე თვის წინ Eli Lilly-მ თავის გუნდში მიიწვია დოქტორი პიტერ მარკსი, რომელიც თითქმის ათი წელი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების მთავარი მარეგულირებელი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ეს გარიგებები მარკსს აძლევს ინსტრუმენტებს, გააფართოოს კომპანიის სამომავლო პორტფელი," - აცხადებს BMO Capital Markets-ის ანალიტიკოსი ევან სიგერმანი.

რა ვაქცინებზეა საუბარი?

Eli Lilly-ს ახალი შენაძენები ამჟამად განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ ბაზარზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა, კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას პროდუქტები, რომლებიც არსებულ საჭიროებებს უკეთ უპასუხებს.

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სარტყლისებური ლიქენის (shingles) საწინააღმდეგო ვაქცინაა. Curevo-ს მიერ შემუშავებული პრეპარატი, რომელიც Eli Lilly-მ შეიძინა, კლინიკურ კვლევებში უფრო დაბალი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსებული კონკურენტი პროდუქტი.

EBV-ის საფრთხეები

გარიგებების ფარგლებში, კომპანია ასევე გეგმავს ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ეს ვირუსი მსოფლიო მასშტაბით ზრდასრულთა 95%-შია გავრცელებული და დაკავშირებულია როგორც მრავლობით სკლეროზთან, ისე კიბოს ზოგიერთ სახეობასთან. დღეისთვის ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

Eli Lilly-ს სამეცნიერო ხელმძღვანელის, დენ სკოვრონსკის განცხადებით, ეს სტრატეგია მიმართულია დაავადების წყაროს პრევენციაზე და არა მხოლოდ მისი შედეგების მკურნალობაზე. კომპანია მიიჩნევს, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მონაცემები ადასტურებს კავშირს ინფექციებსა და მომავალში განვითარებულ მძიმე ნევროლოგიურ თუ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.