იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ საკუთარ ისტორიაში პირველი სრულად ელექტრონული ავტომობილი წარადგინა. მოდელს, რომელსაც „Luce“ ეწოდა, რაც იტალიურად „სინათლეს“ ნიშნავს, რომში გამართულ ღონისძიებაზე დიდი მოლოდინი ახლდა, თუმცა ბაზრის რეაქცია მოულოდნელად ნეგატიური აღმოჩნდა.

წარდგენის შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 6%-ზე მეტით შემცირდა. მილანის საფონდო ბირჟაზე Ferrari-ს ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე 27%-ითაა დაცემული, რაც ინვესტორების მზარდ შეშფოთებაზე მიუთითებს.

რა არის „Luce“?

„Luce“ არის Ferrari-ს პირველი ხუთადგილიანი ავტომობილი. ტექნიკური მახასიათებლებით ის შთამბეჭდავია: 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ის დაახლოებით 2.5 წამში ახერხებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს (დაახლოებით 192 მილი/სთ) უტოლდება.

ავტომობილის ღირებულება 550 000 ევროს შეადგენს. Ferrari-ს გენერალური დირექტორის, ბენედეტო ვინიას თქმით, ეს მოდელი კომპანიის ისტორიაში „ახალი თავის“ დასაწყისია. დიზაინზე მუშაობა Apple-ის ყოფილი დიზაინის ხელმძღვანელის, ჯონი აივსის სააგენტომ, LoveFrom-მა უზრუნველყო.

რატომ უკმაყოფილო ინვესტორები?

ანალიტიკოსები აქციების ვარდნას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მთავარი მიზეზი „დიზაინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება“ და ბაზრის კლასიკური პრინციპია — როდესაც მოლოდინი უკვე ასახულია ფასში, რეალური პრეზენტაცია ხშირად გაყიდვების ტალღას იწვევს.

„ბევრი გულშემატკივარი იმედგაცრუებულია, რომ Ferrari ელექტრომობილების კონცეფციას იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს აზავებს სუპერქარის ბრენდს, რომელიც ტრადიციულ დიზაინსა და შიგაწვის ძრავების სიმძლავრეზეა აგებული“, — აცხადებს Morningstar-ის სტრატეგი მაიკლ ფილდი.

გარდა ამისა, ინვესტორებს აშინებთ ელექტრომობილების წარმოების მაღალი ხარჯები. კვლევისა და განვითარების (R&D) პროცესი მოითხოვს დიდ ინვესტიციებს, რაც, ბაზრის მონაწილეების აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანიის მომგებიანობას საფრთხეს უქმნის.

ბრენდის ეთოსი და მომავალი

ბენედეტო ვინია ამტკიცებს, რომ „Luce“ მძღოლს იმავე ემოციებს შესთავაზებს, რასაც ტრადიციული მოდელები. მისი თქმით, ტექნოლოგიური ცვლილება მოითხოვს პატივისცემას, რაც დიზაინის განსხვავებულობაში აისახება. მიუხედავად ამისა, ავტოინდუსტრიის ექსპერტები ფრთხილად არიან.

ანალიტიკოს ენტონი დიკის შეფასებით, ეს არის „ყველაზე მკვეთრი რეაქცია, რაც კი ოდესმე გვინახავს ავტომობილის დიზაინზე“. მისი აზრით, „Luce“ არის ბრენდის ეთოსიდან ყველაზე შორს წასული გადახვევა, რაც კი Ferrari-ს ისტორიაში დაფიქსირებულა.