OpenAI-მ, ხელოვნური ინტელექტის სფეროს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კომპანიამ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) IPO-სთვის (პირველადი საჯარო შეთავაზება) კონფიდენციალური განაცხადი წარუდგინა. ეს ნაბიჯი კომპანიას საშუალებას აძლევს, ფინანსური დოკუმენტაცია მარეგულირებელ ორგანოსთან გაიაროს მანამ, სანამ მას საჯაროდ გამოაქვეყნებს.
კომპანია, რომლის საბაზრო შეფასება ამჟამად 850 მილიარდ დოლარს აღემატება, საჯარო ბაზარზე გასვლას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გეგმავს. პროცესს OpenAI ფინანსურ გიგანტებთან — Goldman Sachs-სა და Morgan Stanley-თან ერთად მართავს.
კონკურენცია ტექნოლოგიურ ბაზარზე
OpenAI-ს გადაწყვეტილება ბაზრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ის უპრეცედენტო კონკურენციის ფონზე მიმდინარეობს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მსგავსი ნაბიჯი გადადგა Anthropic-მა, ხოლო ილონ მასკის SpaceX-ი საჯარო ვაჭრობის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს.
სამივე კომპანია ტექნოლოგიურ სექტორში ისტორიულად ყველაზე მასშტაბური IPO-ების სერიის ავტორი შეიძლება გახდეს. OpenAI-სთვის ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია სულ უფრო მეტ რესურსს ხარჯავს გამოთვლითი სიმძლავრეების გაფართოებასა და ახალი მოდელების ტრენირებაზე.
სემ ალტმანის „მესამე ფაზა“
OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, ცოტა ხნის წინ კომპანიის განვითარების „მესამე ფაზა“ დააანონსა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ეკონომიკური სარგებლიანობის დადგენაა.
კომპანიამ უკვე დაიწყო შიდა ოპტიმიზაცია და პრიორიტეტების გადალაგება. დაიხურა ისეთი პროექტები, როგორიცაა ვიდეო-აპლიკაცია Sora, რათა მეტი აქცენტი გაკეთდეს კორპორატიულ პროდუქტებსა და კოდირების დამხმარეს, Codex-ის განვითარებაზე. ეს უკანასკნელი პირდაპირ კონკურენციას უწევს Anthropic-ის Claude Code-ს.
სასამართლო დავები და გამოწვევები
IPO-ს მზადება პარალელურად მიმდინარეობს ილონ მასკთან დაპირისპირების ფონზე. ცოტა ხნის წინ ფედერალურმა სასამართლომ დაასრულა სამკვირიანი დავა, სადაც ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, მასკის სარჩელი უარყოფილ იქნა. დავა შეეხებოდა OpenAI-ს არაკომერციული სტატუსის ცვლილებას, თუმცა სასამართლომ საქმე ტექნიკური დეტალების გამო დახურა.
ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად ალტმანს მოუწევს დაამტკიცოს, რომ კომპანიის 180 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია და მაღალი ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიან ბიზნეს-მოდელად გარდაიქმნება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.