თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურმა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ კვლავ დააჯარიმა. სანქციის მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დარღვევა გახდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, დარღვევა თბილისის ცენტრში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ არსებულ მონაკვეთზე გამოვლინდა. 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას 1 334 ლარის გადახდა დაეკისრა.
ინსპექტირების შედეგები
ხელშეკრულების პირობების თანახმად, „სმარტ სოლუშენსი“ ვალდებული იყო, მიხეილ კოსტავას ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის მითითებულ მონაკვეთზე სამუშაოები უწყვეტ, დღე-ღამურ რეჟიმში ეწარმოებინა. თუმცა, მერიის მიერ 2026 წლის 16 ნოემბერს, გვიან ღამით, 23:10 საათზე ჩატარებულმა ინსპექტირებამ აჩვენა, რომ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებული იყო.
„დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩის და შ. რუსთაველის გამზირის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 24 საათიან რეჟიმში, თუმცა ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ სამუშაოები ამ რეჟიმში არ მიმდინარეობდა“, - ნათქვამია საჯარიმო წერილში.
ჯარიმების სერია
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კომპანიისთვის პირველი შემთხვევა, როდესაც მერიამ სანქციები გამოიყენა. „სმარტ სოლუშენსის“ მიმართ ჯარიმები სისტემატური ხასიათისაა. 2026 წლის 23 ივლისიდან მოყოლებული, კომპანია ჯამში 20-ჯერ დაჯარიმდა. ამ დროისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ 27 ათას ლარს გადააჭარბა.





დისკუსია
0 კომენტარი