საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 24-25 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადადო. გადაწყვეტილება დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა მეტეოროლოგიურმა ცვლილებებმა და ტემპერატურის კლებამ განაპირობა, რის გამოც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ოცზე მეტ მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდება.
კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან და მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაოები იმ დროს ჩატარდება, როდესაც ამინდი შესაბამის პირობებს შექმნის. დაგეგმილი ღონისძიებების ახალი თარიღის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
რომელ მუნიციპალიტეტებს ეხებოდა შეზღუდვა?
გაზმომარაგების შეფერხება აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებს შეეხებოდა: კასპს, გორს, ქარელს, ხაშურს, ბორჯომსა და დაბა ბაკურიანს. ასევე, შეზღუდვა არ შეეხება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ქალაქებსა და სოფლებს, მათ შორის: საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულს, ზესტაფონს, ამბროლაურს, ქუთაისს, წყალტუბოს, ბაღდათს, სამტრედიას, აბაშას, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, წალენჯიხას, ფოთს, ლანჩხუთს, ჩოხატაურს, ოზურგეთსა და მთლიანად აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები“, — აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე ახალი 20-კილომეტრიანი მილსადენის მიერთება იგეგმებოდა. აღნიშნული სამუშაოების გამო, ხვალიდან 30 საათის განმავლობაში გაზმომარაგების შეწყვეტა იყო ნავარაუდები.





დისკუსია
0 კომენტარი