2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიხურის სახურავზე ორი მამაკაცის - სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ცხედრები იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ისინი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა წლების შემდეგ, გარდაცვლილთა ოჯახები ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ.

„ეს იყო ბლეფი“

სულიკო ასათიანის შვილმა, პაატა ასათიანმა გადაცემა „რეჟიმის ანატომიაში“ განაცხადა, რომ ოფიციალური ვერსია რეალობასთან შეუსაბამო იყო. მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ მამამისი დენმა მოკლა, რისთვისაც ჯიხურის მეპატრონისთვის ბრალის შეთითხნაც კი სცადეს.

„არარეალური იყო ის ყველაფერი. თვითონ მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო. ჯერ მარტო იმ კაცის ჩვენება არის საკმარისი, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო“, - აღნიშნა პაატა ასათიანმა.

მუქარა და შემოთავაზება ჯიხურის მეპატრონეს

ჯიხურის მესაკუთრე ოლეგ ჟვანია იხსენებს, რომ მასზე ზეწოლა ინტენსიურად მიმდინარეობდა. მისი თქმით, მას სთავაზობდნენ ორ მილიონს იმისთვის, რომ ეღიარებინა, თითქოს ჯიხურის სახურავზე არსებული დაზიანების გამო გარდაიცვალა ორი ადამიანი.

„თუ ვიტყოდი, რომ რამე დაზიანება მქონდა და ამიტომ გარდაიცვალა ის ხალხი, იყო შემოთავაზება ორი მილიონი. შემდეგ იყო მუქარები, ამბობდნენ, რომ მთავრობას მოუვიდა შეცდომა, აიღე ორი მილიონი და წადი, დაისვენე საზღვარგარეთ ან სადღაც. მე-6 დღეს, როდესაც კვლავ უარი მიიღეს, დამაპატიმრეს“, - ამბობს ოლეგ ჟვანია.

პაატა ასათიანი იხსენებს, რომ როდესაც ტელევიზიით ჟვანიას დაკავების შესახებ გაიგო, პირადად მივიდა პასუხისმგებელ პირებთან და მოსთხოვა, უდანაშაულო ადამიანისთვის „ცოდვა არ დაედოთ“. მისი თქმით, ამ მოთხოვნის შემდეგ ჟვანია მალევე გაათავისუფლეს.

ოჯახის წევრები დღემდე მიიჩნევენ, რომ მაშინდელი პროკურატურა და სამართალდამცავი უწყებები მტკიცებულებების გაყალბებას ცდილობდნენ, რათა 26 მაისის ტრაგედიის რეალური მიზეზები დაეფარათ. პაატა ასათიანი აცხადებს, რომ პროკურატურაში არაერთხელ მივიდა ამ საკითხზე სასაუბროდ, თუმცა პასუხები არასდროს ყოფილა დამაჯერებელი.