„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება. კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის 1:1 წესის დაფიქსირებასთან ახლოსაა, რაც კატალონიურ გრანდს ბაზარზე თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის ფონზე, „ბლაუგრანას“ პრიორიტეტი ტოპ-კლასის „ცხრიანის“ შეძენაა. სამიზნეების სიაში რამდენიმე ვარსკვლავია, თუმცა მთავარი ფავორიტი ხულიან ალვარესია.
კონფლიქტი მადრიდში
იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, ალვარესმა „ატლეტიკოს“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უკვე უთხრა. ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს და მიუხედავად პსჟ-სა და ინგლისური კლუბების ინტერესისა, მისი მთავარი მიზანი „ბარსელონაში“ გადასვლაა.
Marca-ს ინფორმაციით, ალვარესისთვის დიეგო სიმეონესთან მუშაობა არაკომფორტულია. სწორედ ეს ფაქტორი გახდა „ატლეტიკოდან“ წასვლის სურვილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
„ბარსელონას“ სტრატეგია
„ატლეტიკო“ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა მადრიდელები 100 მილიონ ევროზე ნაკლებ წინადადებას არ განიხილავენ. Mundo Deportivo იტყობინება, რომ „ბარსელონა“ ალვარესისგან უფრო აქტიურ ნაბიჯებს ელოდება.
კატალონიელებს სურთ, ფეხბურთელმა საჯაროდ დააფიქსიროს „ბარსაში“ თამაშის სურვილი, რაც ტრანსფერს გაამარტივებს. გეგმის მიხედვით, „ბარსა“ შეეცდება სატრანსფერო ღირებულება ფერან ტორესის გარიგებაში ჩართვით შეამციროს.
თუმცა, ტორესის პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია. პარალელურად, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ლონდონში ჟოაო პედროს ტრანსფერზე მუშაობს, რაც „ბარსელონას“ ალტერნატიულ გეგმებზე მიანიშნებს. ყველაფერი ჯერ კიდევ ღიაა და მოლაპარაკებების პროცესი მომდევნო კვირებში გადამწყვეტ ფაზაში შევა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.