საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნაჩვენებ შედეგებს, რომლებიც მისი შეფასებით, ევროპულ მასშტაბითაც კი გამორჩეულია.
სერბეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. მან აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო ქართული სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე.
„თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპული სტანდარტების შესაბამისია. ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ეს ტურისტული მიმართულება მრავალი მიზეზის გამოა მიმზიდველი“, - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის მშპ-ს წილი, იმსახურებს პატივისცემას. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს მსგავსი შედეგების დემონსტრირება ევროპულ კონტექსტში.
„თქვენი ძალისხმევა ნამდვილად დიდია და სამაგალითო. ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანასაც ჰქონდეს მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით“, - დაამატა სერბეთის პრეზიდენტმა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს თბილი მიღებისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ თბილისიდან მას დადებითი შთაბეჭდილებები და მოგონებები მიაქვს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.