ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ისტრიის რეგიონში, მძიმე ავიაკატასტროფა მოხდა. ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ მედულინთან მცირე ზომის თვითმფრინავი მინდორში ჩამოვარდა.

Reuters-ის ცნობით, რომელიც ხორვატიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ კიდევ ორი ადამიანის ძებნას.

თვითმხილველების განცხადებით, კატასტროფამდე საჰაერო ხომალდმა კონტროლი დაკარგა. თვითმფრინავი ჰაერში სპირალურად ეშვებოდა, სანამ საბოლოოდ მიწას არ შეეჯახა.

არსებული არაოფიციალური მონაცემებით, ხომალდი გერმანული რეგისტრაციისა იყო და ავსტრიიდან ასრულებდა რეისს. ამ ეტაპზე ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე მომხდარის დროს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფები. სამართალდამცავები შემთხვევის მიზეზების დასადგენად მუშაობას აგრძელებენ, რათა დადგინდეს, რა გახდა ავიაკატასტროფის გამომწვევი ტექნიკური თუ სხვა სახის ფაქტორი.

ამ დროისთვის სხვა დეტალები დაღუპულთა ვინაობის შესახებ არ ვრცელდება.