ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედიასაშუალება Basilica ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით შედგა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ეკლესიის გადამწყვეტ როლს ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პროცესში.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ როგორც რუმინეთის ხელისუფლების, ისე დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები. მათ შორის იყო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სტრატეგიულ საკითხებში, ანა კრისტინა ტინკა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვადასხვა კონფესიის ლიდერები.

რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ვიკარიუსი, ეპისკოპოსი ვარლაამ პლოიეშტეანული და საპატრიარქო ადმინისტრაციის წევრები. რუმინული გამოცემის შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, ისტორიულ კავშირებსა და საერთო სულიერ ფასეულობებს.