გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების მოლოდინშია. სამართალდამცველებს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ.
საქმესთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს სამართალდამცავი ორგანოების უსაფუძვლო დისკრედიტაციას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულზე პასუხისმგებლობისგან არავინ იქნება დაზღვეული.
პოლიტიკური კონტექსტი და შეფასებები
შარმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა სისტემური დანაშაულის არსზე და პარალელი გაავლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ნათლად ასახავს იმ პერიოდის დარღვევებს.
„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ყალბი რაღაცები დააბრალოს და ჩირქი მოსცხოს. მათი დამცველები ვიქნებით ყველა კანონიერ ქმედებაში. მაგრამ, არავინ მათ ხელს არ დააფარებს, თუ ხელი წაუცდებათ დანაშაულზე, მით უმეტეს, ძალადობრივ დანაშაულზე“, — განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატმა ოპონენტებს მოუწოდა, გაეცნონ საგამოძიებო კომისიის მასალებს, სადაც, მისი თქმით, დეტალურად არის აღწერილი ძალადობისა და მტკიცებულებათა გაყალბების შემთხვევები.
ინციდენტის დეტალები
პროკურატურის ცნობით, 27 მაისს, გორში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დროს, ექვსმა სამართალდამცველმა მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა და გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაზარალებულის ჯანმრთელობა შეილახა. პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, გორის ჰოსპიტალში რჩება ერთ-ერთი პოლიციელიც, რომელსაც ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.