ფეხბურთის სამყაროს ყურადღება უნგრეთისკენაა მიპყრობილი. ხვალ, 31 მაისს, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს პარიზის „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ დაუპირისპირდებიან. თბილისის დროით შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

კვარაცხელია — გუნდური მოთამაშე

პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, ტიტულის მოგებას კარიერაში მეორედ შეეცდება. ფეხბურთელის მიმართ მოლოდინი დიდია. პარიზული კლუბის გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არა მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით, არამედ გუნდური თამაშით გამოირჩევა.

„კვარა შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ის ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებს პირველ ადგილზე და გუნდისთვის ირჯება. ასეთ გარემოში ის მართლაც ბრწყინვალეა“, — აცხადებენ პსჟ-ის ქომაგები.

საუკეთესო დაცვა საუკეთესო შეტევის წინააღმდეგ

ფინალის მოლოდინი დაძაბულია. გულშემატკივრები ამ მატჩს „საუკეთესო შეტევისა და საუკეთესო დაცვის დაპირისპირებად“ მოიხსენიებენ. „არსენალის“ მხარდამჭერები აღიარებენ პსჟ-ის შეტევის სიძლიერეს, თუმცა საკუთარი გუნდის დაცვის ხაზის იმედი აქვთ.

„ჩვენ ლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავს, მათ კი საუკეთესო შეტევა. ეს იქნება საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება“, — აღნიშნავს „არსენალის“ ერთ-ერთი ქომაგი.

პარიზული კლუბის გულშემატკივრები ასევე საუბრობენ კვარაცხელიას გავლენაზე. მათი თქმით, ქართველი ფეხბურთელის წარმატება ადასტურებს, რომ მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის დიდი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენლობა აუცილებელი არ არის.

„ადრე მას კარგად არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში თამაშობდა. ახლა კი ვხედავთ, თუ რა დონის ფეხბურთელი გვყავს გუნდში“, — დასძენენ ისინი.

მატჩის დაწყებამდე ბუდაპეშტში ატმოსფერო უკიდურესად დაძაბულია. „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე აკვირდება მოვლენებს, სადაც გულშემატკივრები გამარჯვების მოლოდინში არიან.