საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და პასუხისგებაში 6 პოლიციელი მისცა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ.
რა მოხდა გორში
ინციდენტი 27 მაისს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, პოლიციელებმა მოქალაქეების დაკავებისას ძალადობა გამოიყენეს, რამაც დაზარალებულთა უფლებების არსებითი დარღვევა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ძალადობის ამსახველი კადრები მედიამაც გაავრცელა.
ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა აბისონაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას და მის მეგობარს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აბისონაშვილის თქმით, მისი მეგობარი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია, შესვენების დროს ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მათ პოლიციის მანქანა მიუახლოვდა.
„მანქანა მიუშვეს და მაგრად სცემეს. მერე მე ვაშველებდი. დამხმარე ძალა რომ მოვიდა, მეც ძალიან მცემეს. ჩემი მეგობარი სამსახურში ბრუნდებოდა. მე ყვირილზე გამოვედი და სიტუაციის განეიტრალება ვცადე“, - აცხადებს აბისონაშვილი.
სასჯელის ზომა
დაკავებულ პოლიციელებს ბრალი კანონით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აბისონაშვილის მტკიცებით, მისი მეგობარი, რომელიც პოლიციელების აგრესიის ობიექტი გახდა, კანონთან კონფლიქტში არასდროს ყოფილა და მას ცივი იარაღიც არ ჰქონია. დაზარალებული ვარაუდობს, რომ მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიღებული დაზიანებების გამო მძიმეა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.