გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ისრაელი პირველად მოხვდა იმ ქვეყნების „შავ სიაში“, სადაც საომარ მოქმედებებში სექსუალური ძალადობის შემთხვევები დადასტურდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს დაფიქსირდა 13, ხოლო წინა ორ წელიწადში 18 შემთხვევა, რომელთა პასუხისმგებლობა ისრაელის სამხედრო, პოლიციურ და საპატიმრო სამსახურებს ეკისრებათ.

რა მოხდა და რას ამბობს გაერო?

ანგარიშის თანახმად, ძალადობის მსხვერპლთა შორის არიან მამაკაცები, ქალები და არასრულწლოვნები. გაერო საუბრობს გაუპატიურების, ჯგუფური ძალადობის, იძულებითი გაშიშვლებისა და სასქესო ორგანოებზე ძალადობის ფაქტებზე. ორგანიზაციის განცხადებით, ეს მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივია, რადგან ისრაელის მთავრობა გაეროს გამომძიებლებს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე მიუთითებს დაკავებულებზე ზეწოლის შემთხვევებზე, რომლებსაც პატიმრობისას განცდილი ძალადობის შესახებ საუბარი ეკრძალებათ. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა ნოემბერში უკვე გამოთქვა ღრმა შეშფოთება ისრაელის ციხეებში პალესტინელი პატიმრების მიმართ „ორგანიზებული და სისტემური წამების“ სავარაუდო პრაქტიკის გამო.

ისრაელის რეაქცია

ისრაელის ხელისუფლებამ ბრალდებები კატეგორიულად უარყო. გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა, გუტერეში „ანტისემიტური ტყუილების გავრცელებაში“ დაადანაშაულა. ისრაელის მისიის განცხადებით, ისინი წყვეტენ ნებისმიერ კომუნიკაციას გენერალური მდივნის ოფისთან, ვიდრე გუტერეში თანამდებობაზე რჩება.

თელ-ავივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებსაც აკრიტიკებს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ რეპორტაჟის საპასუხოდ, სადაც პალესტინელი მსხვერპლების ჩვენებები იყო მოყვანილი, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადეს, რომ გამოცემის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეს აღძრავენ.

სხვა ქვეყნები სიაში

აღსანიშნავია, რომ ამავე ანგარიშში პირველად მოხვდა რუსეთის ფედერაციაც. გაერომ დააფიქსირა 310 შემთხვევა, რომელიც უკრაინაში ომის დროს რუსი სამხედროების მიერ სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ანგარიშს „სიმართლისა და პასუხისმგებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.