„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მოლოდინებს აჟღერებს. გვარამიას თქმით, თბილისში დაგეგმილი შეკრება მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეთა რაოდენობა გადააჭარბებს სომხეთში მარკო რუბიოს ვიზიტისას დახვედრილი ადამიანების რაოდენობას.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ხელშეშლა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ელოდება, პროცესს მხოლოდ აძლიერებს.

„რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტია უკუწინააღმდეგობა. ხვალ იქნება ბევრი ხალხი და ხელშეშლა არ იმუშავებს. პირიქით, ეს უფრო მასტიმულირებელია“, - აცხადებს გვარამია.

გვარამიას განმარტებით, აქციის მიზანი არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიპყრობა, არამედ ქართველი საზოგადოების კონსოლიდაციაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ხედავდნენ როგორც ადგილზე შეკრებილები, ისე ემიგრანტები და პოლიტპატიმრები, რომლებიც ვირტუალურად უერთდებიან პროტესტს.

„აქედან დაველაპარაკებით ჩვენც რუბიოს, იქიდან დაგვინახავს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას ჩვენს ერს აძლევს. მთავარია, ერთმანეთს ვხედავდეთ - ეკრანებიდანაც და მიტინგებზეც“, - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

გვარამიას შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც დროთა განმავლობაში აღსრულდება.

„ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს! სხვანაირად ყოველთვის იქნება ვიზიტები ერევანში და არასდროს თბილისში“, - დასძინა გვარამიამ.