საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ალი მოუჯანი, 27 მაისს თბილისის ჯუმა მეჩეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა. დიპლომატმა აღნიშნული ნაბიჯი დადებითად შეაფასა და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

ელჩის თქმით, ეს არ ყოფილა მხოლოდ ოფიციალური ხასიათის შეხვედრა. მოუჯანის განცხადებით, ეს არის ურთიერთპატივისცემის, თანაცხოვრებისა და ცივილიზაციათა შორის დიალოგის მკაფიო სიგნალი.

მსგავსი მსოფლმხედველობა

ალი მოუჯანიმ ხაზი გაუსვა ისლამურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის არსებულ ფილოსოფიურ სიახლოვეს. მისი თქმით, ორივე რელიგიური ტრადიცია ადამიანის, ღმერთისა და სამშობლოსადმი პასუხისმგებლობის საკითხებში ერთმანეთს უახლოვდება.

ელჩმა პატრიარქ ილია მეორის მიერ წლების წინ გაჟღერებული პრინციპი — „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“ — ისლამური აზროვნების პრინციპებს დაუკავშირა. მან აღნიშნა, რომ შიიტური ისლამის პირველი იმამის სწავლება საკუთარი თავის შეცნობის შესახებ პირდაპირ კავშირშია ღმერთის შეცნობასთან.

„მჯერა, რომ ისლამი და მართლმადიდებლობა სხვა მრავალ ტრადიციაზე მეტად არიან ერთმანეთთან ახლოს ადამიანისა და ღმერთის ღრმა ურთიერთობის გაგებაში“, — განაცხადა ელჩმა.

მომავლის ხედვა

ირანის ელჩის შეფასებით, აუცილებელია, რომ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობა არ შემოიფარგლოს მხოლოდ სასულიერო პირების დონეზე. მისი სურვილია, ეს კავშირები გადაიზარდოს ცოცხალ ურთიერთობებში ხალხებს, ოჯახებსა და კონკრეტულ პიროვნებებს შორის.

ალი მოუჯანი დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი მომავლის შენება სწორედ ერთმანეთის შეცნობისა და პატივისცემის საფუძველზეა შესაძლებელი. ყურბან-ბაირამის დღესასწაულის კონტექსტში, ელჩმა ხაზი გაუსვა შემეცნების მნიშვნელობას, რომელიც მუსლიმური ტრადიციის თანახმად, საკუთარი თავის გააზრებას უკავშირდება.