ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ახალი სტრატეგიული მიდგომა დააანონსა. მისი თქმით, ისრაელი აღარ მოითმენს ვითარებას, როდესაც ლიბანის დედაქალაქში სიმშვიდეა, ხოლო ისრაელის დასახლებები მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება.
კაცის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით, ისრაელი მზადაა ბეირუთის დაჰიეს რაიონზე ფართომასშტაბური იერიშები მიიტანოს. მანამდე, ვაშინგტონის მოთხოვნით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ბეირუთის მიმართულებით საპასუხო დარტყმებისგან თავს იკავებდნენ, რადგან შეერთებული შტატები ირანთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას ცდილობდა.
„ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს აცნობა ჩვენი გეგმების შესახებ. ამერიკულმა მხარემ პრინციპულად მხარი დაუჭირა პოზიციას: თუ ჩვენს დასახლებებს გაანადგურებენ, პასუხი ბეირუთზე აისახება“, — განაცხადა ისრაელ კაცმა.
მიუხედავად ამისა, CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა დაგეგმილი ოპერაციის მასშტაბებთან დაკავშირებით. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ირანთან მოლაპარაკებების პროცესს, ამიტომ მან ნეთანიაჰუს სამხედრო ოპერაციების შეზღუდვისკენ მოუწოდა.
თეთრ სახლს ლიდერების საუბრის დეტალებზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის უწყება კი კვლავ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს ვითარების ცვლილება.
„აღარ იქნება ისეთი რეალობა, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავშესაფრებში არიან, ხოლო ბეირუთი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას“, — აღნიშნა კაცმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.