გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავთა ჯგუფის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. მომხდარს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი გამოეხმაურა.

მთავარეპისკოპოსის თქმით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება არ არის მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება. მისი შეფასებით, ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროსა და საზოგადოებრივ ცნობიერებას აზიანებს.

ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც საზოგადოება ხედავს, როგორ კარგავს საკუთარ ადამიანურ სახეს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, - აცხადებს მეუფე ზენონი.

სასულიერო პირი ხაზს უსვამს იმ დამთრგუნველ კვალს, რომელსაც მსგავსი ქმედებები ტოვებს. მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, რაც აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას აჩენს. როდესაც ძალა, რომელსაც დაცულობის შეგრძნება უნდა მოჰქონდეს, შიშის წყაროდ გარდაიქმნება, ეს ნდობის ინსტიტუტს ანგრევს.

შეგახსენებთ, რომ გორში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები ფიზიკურად ორ პირს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

საქართველოს პროკურატურამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. უწყება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს.