26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის ქუჩებში ოპოზიციური გაერთიანების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო მარში გაიმართა. ცხრა პარტიისგან შემდგარი გაერთიანების აქცია, რომელიც ორთვიანი „ეროვნული მობილიზაციის“ კულმინაცია იყო, ვაკის პარკიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო.
ათასობით მონაწილემ დაახლოებით ორ-ნახევარი კილომეტრი გაიარა და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. მარშის გამო დედაქალაქის ცენტრალური მაგისტრალები დროებით გადაიკეტა, რამაც ტრაფიკის სრული შეფერხება გამოიწვია.
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“
აქციის ფინალურ ნაწილში ოპოზიციონერმა ლიდერებმა ახალი ეროვნული კამპანიის დაწყება გამოაცხადეს. „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი დემოკრატიული არჩევნების მიღწევა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებაა.
სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ აქცია წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და სამომავლოდ მობილიზაცია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კი ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესუსტება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით არის შესაძლებელი.
ინციდენტი აპარატურასთან
აქციის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ ორგანიზატორებს სცენისა და ხმის გამაძლიერებლების განთავსებაზე უარი უთხრეს, მარშის მსვლელობისას მელიქიშვილის გამზირზე აპარატურით დატვირთული ავტომობილი მოულოდნელად გამოჩნდა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
მოგვიანებით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი გააჩერა. მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს და 1000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს. ოპოზიციურმა გაერთიანებამ მძღოლის დასახმარებლად ფონდების მოძიება უკვე დაიწყო, რადგან, მათივე თქმით, ეს ავტომობილი მძღოლისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.