საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველზე გამართულ აქციასა და ოპოზიციური ლიდერების მიერ ორგანიზებულ პროტესტზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია იმ მოქალაქეების „სწორ გზაზე“ დაბრუნება, რომლებიც ამჟამად ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის, ზურაბ ჯაფარიძის ან გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ დღის წესრიგს იზიარებენ.

პრემიერის თქმით, 5 000 ადამიანის შეკრება ოპოზიციური ლიდერების მოწოდებით, თავისთავად, მათი „ბედნიერების საფუძველი“ უნდა იყოს, თუმცა რეალურად ეს მაჩვენებელი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალთა ბალანსის ამსახველია.

„მთავარი ის არის, რომ ეს არის უმცირესობა. ეს აგრესიული უმცირესობა საბოლოო ჯამში ვერ აღწევს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ასეთ ადამიანებს რომ გაემარჯვათ“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება პატივისცემით უნდა იყოს განმსჭვალული, რადგან ისინი „შეცდომაში არიან შეყვანილნი“.

„ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და რომელსაც მოსწონს გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე, დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს“, - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის შეფასებით, ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი ეწინააღმდეგება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ამ მოქალაქეებმა საკუთარი შეცდომა გააცნობიერონ და სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს შეუერთდნენ.