საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია შაჰინის პოზიციაზე, რომლის თანახმად, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ეს შეერთებული შტატების ინტერესებს შეესაბამებოდეს.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები საკუთარი ეროვნული მიზნების მიხედვით მოქმედებენ. მისი თქმით, ეს რეალობა ისტორიულად ასე იყო და დღესაც უცვლელია.

რა თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ?

შალვა პაპუაშვილმა კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებაც. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მხარდამჭერებს არწმუნებს, თითქოს უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს ინტერესებზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე ქართული ხელისუფლება.

„ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა შაჰინსაც საქართველოსთან დაკავშირებით. ყოველთვის ის უყურებდა საქართველოს ისე, რომ რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არ არის ემოციებზე დაფუძნებული სფერო. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება თუ წამოცდენა, რეალობის კიდევ ერთი დასტურია, რომლის გააზრებაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

პაპუაშვილის განმარტებით, არასდროს ყოფილა ისეთი მოწყობა, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვა ქვეყნების ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებდნენ. შესაბამისად, ის მოუწოდებს საზოგადოებას, პოლიტიკურ პროცესებს რეალისტური პრიზმიდან შეხედონ.