პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამართულ სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გივი მიქანაძეს, მკაცრი შეფასებები მისცა. ხორგუანის თქმით, მიქანაძის მინისტრობა საზოგადოების შეურაცხყოფაა.

დეპუტატმა მინისტრი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებასა და ფასადურ საქმიანობაში დაადანაშაულა. ხორგუანის მტკიცებით, მიქანაძე რეგიონებში მხოლოდ პარტიულ აქტივს ხვდება და სკოლებში არსებულ რეალურ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს.

„პასუხისმგებლობის ასხლეტის კომპეტენცია“

სოფიო ხორგუანმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები კარგად ფლობენ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ტექნიკას. „თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება, სულ თქვენი დამსახურებაა“, — განაცხადა დეპუტატმა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი კითხვისა, რომელიც სკოლებში კვების საკითხს ეხებოდა, მინისტრისგან პასუხად მხოლოდ „ესთეტიკა და პათეტიკა“ მიიღო. ხორგუანის შეფასებით, ეს მიდგომა „ნაცმოძრაობისთვის“ დამახასიათებელ უტიფრობას ჰგავს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

მწვავე კრიტიკა წარსულზე

სოფიო ხორგუანმა მინისტრის წარსული საქმიანობაც გაიხსენა. მისი თქმით, დღეს პარლამენტში არა განათლების მინისტრი, არამედ იმ უწყების ყოფილი მოადგილე საუბრობდა, რომელმაც „პატიმრები დაცხრილა“.

„ქრისტიანული მორალი მავალებს ვირწმუნო, რომ ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არ არის. დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ ის მინისტრის მოადგილე იმ სამინისტროსი, ვინც პატიმრები დაცხრილა“, — განაცხადა ხორგუანმა.

დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა სკოლებში არსებულ უთანასწორობასა და მშიერ მოსწავლეებზე, რაც, მისი თქმით, მინისტრისთვის პრიორიტეტული არ არის. ხორგუანმა მიქანაძის კომუნიკაცია საზოგადოებასთან „ფასადურად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ფორმალური ცვლილებები არსებით პრობლემებს ვერ გადაჭრის.