საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებების ახალი ეტაპი იწყება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლების მინისტრის ინტერპელაციის დროს, გივი მიქანაძემ დააანონსა, რომ უახლოეს წლებში ყველა საჯარო და კერძო სკოლა ერთიან სტანდარტულ სახელმძღვანელოებზე გადავა.

მიქანაძის განმარტებით, აღნიშნული რეფორმა მიზნად ისახავს ხარისხიანი სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობისა.

პილოტირება და ხარისხის კონტროლი

სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგობრივი ასოციაციები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და პრაქტიკოსი პედაგოგები. მიქანაძის თქმით, სისტემური გარდატეხისთვის მხოლოდ არსებული წიგნების შერჩევა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ აუცილებელი გახდა ერთიანი საბაზო რესურსის შექმნა.

ახალი წიგნები, რომლებიც 15 სექტემბრიდან შევა სასწავლო პროცესში, პილოტირების ეტაპს ყველა სკოლაში ერთდროულად გაივლის. მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მშობლები და მასწავლებლები ჩართულნი იქნებიან უკუკავშირის პროცესში, რათა რესურსები მაქსიმალურად დაიხვეწოს.

მსუბუქი ჩანთები და სემესტრული პრინციპი

მნიშვნელოვანი სიახლეა მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ჩანთების დამძიმების თავიდან ასაცილებლად, განათლების სამინისტრო უარს ამბობს სქელტანიან წიგნებზე. ამის ნაცვლად, სკოლები გადადიან სემესტრულ სახელმძღვანელოებზე.

ზოგიერთი სახელმძღვანელო სამ ან ოთხ ნაწილად დაიბეჭდება, რათა მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ, - განაცხადა მიქანაძემ.

წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველი, მეშვიდე და მეათე კლასელებისთვის უკვე იქნება ახალი სახელმძღვანელოები შემდეგ საგნებში: ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა.

აკადემიური თავისუფლება

მიუხედავად ცვლილებებისა, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ მასწავლებლებს კვლავ რჩებათ აკადემიური თავისუფლება. მიქანაძის თქმით, ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, პედაგოგებს უფლება აქვთ, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული დამატებითი რესურსები გამოიყენონ. ამ მიზნით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე ციფრული პლატფორმის განვითარებაც.