„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურმა სოციალურმა კამპანიამ „ქალი მართავს“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პროექტმა კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე (KIAF) სარეკორდო რაოდენობის ჯილდო - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - დაიმსახურა.
კამპანია კრეატიულ სტუდია JoyBoy-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია იმ უნარების წარმოჩენა, რომლითაც ქალები სტერეოტიპულად „მასკულინურად“ მიჩნეულ პროფესიებში წარმატებას აღწევენ. ვიდეორგოლი 27 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალს აერთიანებს, მათ შორის არიან მექანიკოსები, სატვირთოს მძღოლები, მეშახტეები და ექიმები.
„თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცრის, ელენე კოხრეიძის თქმით, ეს პროექტი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტას“ 30-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლდინგს ქალი მართავს. საერთაშორისო აღიარება კი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, გავაგრძელოთ გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემოს შენება“, - განაცხადა კოხრეიძემ.
სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი თათია ხორბალაძე აღნიშნავს, რომ ქალთა მხარდაჭერა კომპანიისთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ არის. „ეს ჩვენი ყოველდღიური სტრატეგიისა და კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. KIAF-ზე მიღებული 11 ჯილდო ადასტურებს, რომ კამპანიის გზავნილი უნივერსალური და ძლიერია“, - განაცხადა მან.
კამპანიის შემოქმედებით პროცესზე ისაუბრა JoyBoy-ს ქოფირაითერმა სოფო ლომინეიშვილმაც. მისი თქმით, გუნდის მიზანი იყო, ეჩვენებინა რეალური, ძლიერი ქალების ავთენტიკური ისტორიები ყოველგვარი შელამაზების გარეშე. „ეს ჯილდოები არის დასტური იმისა, რომ გულწრფელ იდეებსა და სწორ ემოციურ ვიზუალს საზღვრები არ აქვს“, - აღნიშნა ლომინეიშვილმა.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ამჟამად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 28 სერვისცენტრს მართავს და 3 000-მდე თანამშრომელს ასაქმებს, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.