თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი წელს დაგვიანებით, მაისის ბოლოს დაიწყო. მიზეზი არახელსაყრელი ამინდია, რამაც მოსავლის სიმწიფის პროცესი შეაფერხა. დემირისარში მცხოვრები პლანტაციის მფლობელი ერჰან ქოსიოღლუ „ბათუმელებთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ სეზონური სამუშაოებისთვის მუშახელს საქართველოდან ელოდება.

სეზონური დასაქმება თურქეთში საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები შეიცვალა, თხილისა და ჩაის პლანტაციებში მომუშავე ქართველების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვანია.

გაზრდილი ანაზღაურება

წელს თურქეთში ჩაის კრეფის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა. პლანტაციების მფლობელების ინფორმაციით, ერთი ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-დან 15 ათას ლირამდე (დაახლოებით 600-დან 800 ლარამდე) მერყეობს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8-დან 12 ათას ლირამდე იყო.

ანაზღაურება დამოკიდებულია პლანტაციის რელიეფსა და სამუშაოს სირთულეზე. გარდა ამისა, გავრცელებული პრაქტიკაა დღიური ანაზღაურების სისტემაც. ერჰან ქოსიოღლუს თქმით, წელს დღიური გასამრჯელო 4 ათასი ლირაა (220 ლარი), მაშინ როცა შარშან ეს თანხა 3 ათას ლირას შეადგენდა. ხშირ შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშებს კვებასაც უზრუნველყოფს.

ემიგრაციის ახალი რეალობა

თურქეთის პლანტაციებში დასაქმების მსურველთა რაოდენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემცირებული იყო. ეს ტენდენცია ევროპის, კერძოდ კი პოლონეთის შრომის ბაზრის გახსნას უკავშირდებოდა. თუმცა, 2025 წლის ბოლოს პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სამუშაო ნებართვის გაცემის წესი შეცვალა.

ამას თან დაერთო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების ნაწილი იძულებულია, კვლავ სეზონურ სამუშაოებს დაუბრუნდეს. საქართველოში არსებული უმუშევრობის ფონზე, მეზობელ ქვეყანაში ჩაის ან თხილის კრეფა კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად გზად ოჯახების სარჩენად.